Thursday, December 13, 2012

ძეგლის განხილვა


განხილვა
  გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ლანდშაფტში ჩაწერილი. ყოველი გამვლელი, სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, აღტაცებაში მოდის იმ კომპოზიციით, რომელსაც ქმნის მასთან შერწყმული ანსამბლი.

  XV საუკუნის ხანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდ. ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა უშუალოდ ქალაქზე და, იმავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება აწყობდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტალები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ებჯინება, ჩრდილოეთით კი - მთები.

მთები გრემიდან

   ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: „საბუეი-გრემის . . . წყალზედ - (იგულისხმება ახლანდელი მდ. ინწობა) არს გრემი , რომელი ქმნეს ქალაქდ ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა“.
ამ ამონაწერით ირკვევა, რომ ქალაქი გრემი აღმოცენებულია 1466 წელს, როგორც ახლად გამოყოფილი კახეთის სამეფოს ცენტრი, მისი დედაქალაქი. აქვე მდგარ „კეთილშენ“ მთავრანგელოზთა ეკლესიაში დაუმარხავთ „მეხუთე მეფე ლევან“. ქალაქმა კი არსებობა შეწყვიტა 1616 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის შემდეგ. ქალაქი, რომელსაც 50 ჰექტარი ეკავა, ისე იქნა დანგრეული, რომ მისი აღდგენა მერე არც უცდიათ. ნაქალაქარზე სხვებზე უკეთ მთავარანგელოზთა ანსამბლია გადარჩენილი.
 გრემის ტაძარი ხელოვნებათმცოდნეობის ლიტერატურაში პირველად ფაქტობრივად 30-იან წლებში გ. ჩუბინაშვილმა მოიხსენია. მას იგი იხილავს იმ ნაგებობათა ჯგუფში, სადაც, მისი აზრით, გვხვდება გვიანი ხანის არქიტექტურის გავლენა. მეორედ ავტორი ტაძარს იხილავს ცალკე, კახეთის სხვა ძეგლებთან ერთად.
   როგორც ვნახეთ, ამ წარწერით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ლეონია მისი მშენებელი, მაგრამ თუ როდის მოხდა ეს, უცნობი რჩება. საკითხის გასარკვევად შეიძლება მოვიშველიოთეკლესიის დასავლეთის კარის თავზე შიგნიდან არსებული ბერძნული წარწერა. ეს წარწერა რამდენიმეჯერაა გამოცემული. ჩვენ ვსარგებლობთ უკანასკნელი გამოცემით, სადაც წარწერა ასეა თარგმნილი: 
„ქ. აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი და ყოვლადწმინდა ტაძარი ყოველთა უდიდესთა მიქაელისა და გაბრიელისა; სახელოვანი მეფის ლეონის შეწევნით, ხარჯით, გულისმოდგინებითა და შრომით, მაშინ, როდესაც მღვდელმთავარი იყო ნიკოლოზი, 7085 წელს აგვისტოსთვის 29-ს, მეოთხე დღეს საბას წინამძღვრობის დროს . . . ქარტულარიოსი, ბერმონაზონი და პროტოსკინგელოზი სალონიკელი“.
წარწერაში მოცემული თარიღი დასაბამიდან 7085 წელი ბიზანტიური ანგარიშით, როგორც მიღებულია ისტორიოგრაფიაში, 1577 წელს უდრის (7085-5508). ამ წელს ლევან მეფე უკვე ცოცხალი აღარ არის. მართალია, მისი გარდაცვალებისა და შვილის - ალექსანდრეს გამეფების წლები მემატიანეს არეულად აქვს ნაჩვენები, მაგრამ ისტორიკოსების მიერ დადგენილი 1574 წელი. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ წარწერის შემსრულებელს თარიღის დაწერისას შეცდომა მოსვლია. შეიძლება ამ აზრის გასაძლიერებლად ისიც გამოდგეს, რომ ორივე წარწერაში ლეონი ცოცხალი ჩანს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ წარწერების ავტორები მოახერხებდნენ სხვა რედაქციით ტექსტის შედგენას.
მოკლედ, ორივე წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძარი აგებულია ლეონ მეფის მიერ, მაგრამ როდის, ამაზე არაფერია ნათქვამი.
ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვანი ძეგლებისათვის, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებიტ. შიგნით შესული დაძაბულობას გრძნობს. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი სიმაღლე.
  ტაძარს თითო შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეს გადაწყვეტა საერთოდ არაა ტიპური, მაგრამ ადრეული საუკუნეების ძეგლებთან შედარება შორს წაგვიყვანს. ამიტომ აჯობებს იმავე საუკუნის ნაწარმოებებს შევადაროთ. კერძოდ, გრემზე ადრე აგებულ შუამთაშიც სამი შესასვლელია, მაგრამ პრინციპულად განსხვავებული გადაწყვეტაა, რადგან აქ სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები გვერდითი ნავების არეშია მოთავსებული. ცხადია, შუამტელმა ოსტატმა უფრო რთული გზა აირჩია, ვიდრე გრემისამ. მომდევნო პერიოდის შიხიანის „აღდგომის“ ეკლესიაში კი გრემის პირდაპირ ანალოგიას ვხვდებით. ჭიკაანში ორივესაგან განსხვავებული და საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტაა. აქ, სამხრეთის შესასვლელი ცენტრალური მკლავის არეშია მოთავსებული, ჩრდილოეთისა კი გვერდითი ნავის მონაკვეთში. როგორც ჩანს ჭიკაანის ავტორმა უფრო მრავალფეროვანი გზა აირჩია, ხოლო რაც შეეხება ამ სახის გადაწყვეტილების გავრცელებას, იგი ტიპური არაა.
  გრემში შიდა სივრცის ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისა მთავრდება აფსიდით, დანარჩენი სწორკუთხაა. საკურთხეველს, აფსიდის გარდა, ბემაც ახლავს. შიდა სივრცის ოთხი მკლავიდან დასავლეთისაა გრძელი, მხოლოდ მისი გადამხურავი კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს, რომელიც თავისთავად დაკიდულია. საკურთხევლის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლო მდებარეობს, შესასვლელი ორივეში დარბაზიდანაა. თითოეული მათგანი აფსიდით მთავრდება და აღმოსავლეთით მდებარე თითო სარკმლით ნათდება. აფსიდი და კონქი სამივე შემთხვევაში პილასტრებზე გადასული თაღითაა გამოყოფილი. ეს კონსტრუქციული და მხატვრული ხერხი, როგორც ეტყობა, გრემის ოსტატმა დანერგა, რადგან იგი ადრე არ გვხვდებოდა, ხოლო შემდგომში მას იმეორებენ შიხიანის და ჭიკაანის ოსტატები.
ინტერიერში, გარდა სარკმლებისა, ყველგან გამოყენებულია შეისრული თაღი. ამ ფორმის ანალიზისა უნდა აღინიშნოს, რომ ისრული ფორმის თაღი ორი სახით გვხვდება შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში. ერთია შემართული ისრის ფორმა, ხოლო მეორეა დამჯადარი, მუცელში მკვეთრად მოღუნელი (თითქოს გვერდები გამობერილი აქვსო). პირველი ფორმა გვხვდება სხვადასხვა სახის ინტერიერში თითქმის VIII – IX საუკუნეებიდან, მეორე ფორმას კი ვხვდებით მხოლოდ XVI საუკუნიდან. გრემში თაღის სწორედ ეს უკანასკნელი სახეა გამოყენებული. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან XVI-XVIII საუკუნეებში მხოლოდ ეს ფორმაა გავეცელებული.
  ასევე, ამ ეპოქისთვისაა დამახასიათებელი აფრებზე გამოსახული ტრომპები. ცხადია, რადგან გომბათქვეშა კვადრატებიდან წრეზე გადასასვლელად აფრაა გამოყენებული, კონსტრუქციული ტრომპი ნამდვილად არ არის საჭირო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი სახის ტრომპს აღნიშნული საუკუნის ოსტატები კონსტრუქციისათვის კი არ იყენებენ, არამედ დეკორისათვის. ეს ასეა არა მარტო გრემში, არამედ შუამთაში, ალვანში და XVII საუკუნეში აღდგენილ ცაიშის თაძარშიც.
როგორც ვნახეთ, გრემის ტაძარი ერთ-ერთი საუკეტესოა ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობებში საერთოდ და, კერძოდ, XVI-XVIII საუკუნეებში. იგი გამოირჩეოდა კომპოზიციითა და ფასადების მორთულობით. ამ სემთხვევაში ოსტატი კარგად იყენებდა აგურს, მის თავისებურებეს.
  სამწუხაროდ, მომდევნო პერიოდის ძეგლებში როგორც კახეთში, ისე ქართლში, ასეთი მაღალმხატვრული ღირსებების მქონე ძეგლი სხვა არ გვხვდება.წყარო

No comments:

Post a Comment